“ნაცმოძრაობის” ყოფილი დეპუტატი: ნიკა გვარამიას განცხადება უხეში და ვულგარული იყო

ნიკა გვარამიას, აშკარად, ზედმეტი მოუვიდა, მისი განცხადება უხეში და ვულგარული იყო, – ასე პასუხობს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ოლიმპიური ჩემპიონი, გიორგი ასანიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის სამგზის ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს “არარაობა” უწოდა.
როგორც გიორგი ასანიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აღნიშნავს, თავად იგი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პარლამენტის წევრი იყო და მისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული.
“არის შემთხვევები, როცა ვერცერთი ჩვენგანი პოლიტიკას ვერ გაურბის და თავის დროზე მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი. სწორედ ამის გამო, ბევრი მაკრიტიკებდა, ბევრსაც მოსწონდა, პოლიტიკაში რომ ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ სპორტში დავბრუნდი და ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს გავემიჯნე, რადგან საზოგადოების მოთხოვნა იყო, ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები ქართული სპორტის საკეთილდღეოდ დამეხარჯა. ასე რომ, ყველას ვთხოვ, მოქმედ და წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც მთელ ქვეყანას, მთელ ერს ეკუთვნიან და არა – რომელიმე პარტიას, პოლიტიკაში ნუ ჩარევენ! ლაშა ტალახაძეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ლაშა ტალახაძე ჩვენი უახლოესი ისტორიის ნამდვილი გმირია, რომელმაც საქართველო უკვე ბევრჯერ ასახელა, რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მას ვიცნობ, შეიძლება გულის სიღრმეში ნანობს კიდეც, ლაშას მიმართ გაკეთებულ განცხადებას. პოლიტიკურ კლიპში ლაშას გადაღება არც მე მომეწონა, მაგრამ ნიკა გვარამიას აშკარად ზედმეტი მოუვიდა, მისი განცხადება უხეში და ვულგარული იყო”, – განაცხადა გიორგი ასანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგადაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, პირდაპირი ეთერის დროს, ლაშა ტალახაძეს “არაორაობა” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები