დიეგოს და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა თბილისში გაიმართება

30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დიეგოსა და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა სიღნაღიდან უკვე თბილისში გადმოინაცვლებს. გამოფენას 4 ნოემბრამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით იმართება.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ფოტოგამოფენასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანის, ირმა შარიქაძის ინსტალაცია „სიზმარი ბაღში”, რომელიც ფრიდა კალოს ეძღვნება.
მე-20 საუკუნის ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი გამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში, საიდანაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამჯერად თბილისში, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება  ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა ისეთი ფოტოგრაფების ობიექტივში, როგორიც არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.
დიეგიოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა – ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა, თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.
თავიდან წყვილი პარტიზანულმა კავშირმა და ხელოვნების სიყვარულმა დააახლოვა. ქორწინების შემდეგ ისინი შეერთებულ შტატებში დასახლდნენ. დიეგოსთვის ეს იყო კაპიტალისტური სამყაროს შიგნიდან გაცნობის შესაძლებლობა. დეტროიტის გამოცდილებამ და როკფელერის შენობაში თოკების გაწყვეტამ ხელი შეუწყო გუანახუატოელი მხატვრის შემოქმედების ჩამოყალიბებას. ფრიდასთვის ეს ნიშნავდა არა მარტო დიეგოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, არამედ მსოფლიოს ახლებურად დანახვას. ამგვარად სანამ რივერა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიის ძალას ითვისებდა, ფრიდა ეცნობოდა სხვათა იდეებსა და დამოკიდებულებებს: აბორტებმა, ქირურგიულმა ჩარევებმა და კონტაქტმა ბურჟუაზიულ სამყაროსთან ღრმა კვალი დაამჩნია კოიოაკანელი ხელოვანის შემოქმედებას. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ, შესამჩნევი იყო დიეგოს ინტერესი ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართ. ამ წლებში აღსანიშნავია მისი სიახლოვე ტროცკისთან და ანდრე ბრეტონთან. ამ ყველა საკვანძო ეტაპთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია წყვილის ხელმეორედ ქორწინება, მათი კავშირი იმდროინდელ სახელოვნებო სამყაროსთან. გამოფენა ასევე გვიჩვენებს ფრიდას სიკვდილის მოახლოებასა და წყვილის უკანასკნელ ფოტოს.
გამოფენა საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, გაეცნოს მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით.
„ეს წყვილი არის სრულყოფილების მეტაფორა, ყველა ძალების შეხვედრის წერტილი და ყველა ფორმის მარცვალი. ეს წყვილი არის დროზე კვლავ გამარჯვება, დრო დრომდე”, – ოქტავიო პასი.
გამოფენა  4 ნოემბრამდე გასტანს.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის,  საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები