“ევროპული საქართველო” პატიმრობაში მყოფ ზაზა სარალიძეს თავდებით გათავისუფლებას ითხოვს
პატიმრობაში მყოფ ზაზა სარალიძეს საპარლამენტო უმცირესობა თავდებში უდგება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბაქრაძემ პირადად შს მინისტრს, გიორგი გახარიას და ხელისუფლებას მიმართა, გაითვალისწინოს დეპუტატების თავდებობა და სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
„ზაზა სარალიძის დაპატიმრება იყო გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა სახელმწიფოს მიერ, როცა 5- თვიანი პროვოცირების, დისკრედიტაციის, შევიწროების შემდეგ, ხელისუფლებამ მოძებნა საბაბი, რომ დაეპატიმრებინა ზაზა სარალიძე. იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც 5 თვეზე მეტია ეძებს სიმართლეს, ცდილობს იპოვოს მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, სცილდება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ დავუშვათ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც ებრძვის სახელმწიფო, უსამართლოდ ექცევა სისტემა და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს, რათა დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. მოვუწოდებ შს მინისტრს, პირადად ბატონ გახარიას, გაითვალისწინოს ჩვენი თავდებობა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს – მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით, ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თავის ტვინის შერყევა აქვს.