კრემლმა დასავლეთის ლიდერების მოთხოვნებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „ულტიმატუმი“ უწოდა და თქვა, რომ ეს მათთვის მიუღებელია. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამ გაფრთხილებამდე ორი დღით ადრეც მოვისმინეთ გაფრთხილება. თუ გახსოვთ, ისიც საკმაოდ ულტიმატუმის ფორმით იყო გაჟღერებული. ულტიმატუმების ასეთი ენა რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან ასე საუბარი არ შეიძლება“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პესკოვის თქმით, რუსეთი „გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარების გზების სერიოზულ ძიებაზეა“ ორიენტირებული.
მანამდე გერმანიის მთავრობის სპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ევროპელ პარტნიორებთან სანქციების მოსამზადებლად იმუშავებს, თუ მოსკოვის ხელისუფლება 12 მაისის ბოლომდე უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნებს არ შეასრულებს.