საბერძნეთში ათობით მეხანძრე ტყეში ხანძარს ებრძვის
საბერძნეთში ათობით მეხანძრე ხალკიდიკის რეგიონში, ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სახანძრო სამსახური ავრცელებს.
ხანძარი ღამით სიტონიას რაიონში გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარს 60 მეხანძრე 30 მანქანით, სამი ქვეითი განყოფილება და ოთხი თვითმფრინავი ებრძვის. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ცეცხლი ლოკალიზაციას არ ექვემდებარება და დიდ ფართობზე ვრცელდება. რეგიონებში გადაკეტილია საავტომობილო გზები, ზოგიერთ რაიონში დენის მიწოდება არ ხერხდება, გათიშულია საკომუნიკაციო ხაზები.
“მიუხედავად მეხანძრეების და ავიაციის დიდი ძალისხმევისა, ვითარება უმართავია. დაიწვა სარტის რაიონის ტყე, მაგრამ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა სიტონიის მერის წარმომადგენელმა, კიპარისსის დემპლასმა ჟურნალისტებთან საუბრისას.