„ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება“

„ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ქართლ-კახეთის გვირგვინოსანი მეფე-პოეტის თეიმურაზ მეორის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. პორტრეტის დაბრუნება ფონდი ,,ქართუს“ მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით მოხდა.
მიხეილ ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუს“ დამსახურებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში. ფონდმა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებისათვის თითქმის 100 მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად მიმდინარეობს 57 ძეგლის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარია.
რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინგალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა მისთვის უცნობი ადამიანის პორტრეტი. პორტრეტის ყველა დეტალი დაემთხვა მეფე თეიმურაზის გრავიურას, რომელიც ანტროპოვის ნახატის მიხედვით შეიქმნა.
თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეიდან გამოიფინება. ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის და მეფის პორტრეტის ნახვა მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები