სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი „HELLADOS“-ის პრემიერას უმასპინძლებს
სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერაა – 2, 3 ნოემბერს, 19 საათზე, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერა დაიდგმება.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, განჯის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირადა გოზალოვამ კლასიკოსი ქართველი მწერლის – ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „HELLADOS“ ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად განახორციელა.
„HELLADOS“ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რასაც ნოდარ დუმბაძე თავის შემოქმედებაში ეხმიანება, „სამშობლო უფრო ღრმაა“ – ამბობს ბერძენი იანგული, სოხუმზე უზომოდ შეყვარებული იანგული და ამ გრძნობით სავსენი ვკითხულობთ ნაწარმოებს, ვკითხულობთ და გვჯერა, რომ მდინარე კელასურის შესართავთან ბოლოს იანგული აუცილებლად დაბრუნდება…
მხატვარი – მირზე მეჰდი, ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე. სპექტაკლში გამოყენებულია გოგი ჩლაიძის მუსიკა.
მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ნუგზარ ყურაშვილი, მზია ტალიაშვილი, თამარ ჟორდანია, თამარ ბეჟუაშვილი, ნინო ციმაკურიძე, მაიკო ვაწაძე, დემო კალანდაძე, მალხაზ მიქავა.