მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის ხელმძღვანელმა უწყებამ, საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა განიხილეს რეფორმის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო მიზნები.
ასევე შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე რეფორმის შემდეგი ექვსი მიმართულება: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების განვითარება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, სწორედ ამ ექვსი ძირითადი მიმართულების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს სამოქმედო გეგმა 2019-2020.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტები. მათ მიერ წარმოდგენილ იქნა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ის შუალედური შეფასების ანგარიში. შეხვედრა „UNDP საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.
“აღნიშნული შეხვედრა ხელშეწყობილია ჩვენი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიმართულებით და იმედი გვაქვს რომ მივყვებით იმ გეგმას რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ შეიმუშავა საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით“, – განაცხადა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის მენეჯერმა “UNDP საქართველოს” წარმომადგენელმა ნანა წიკლაურმა.
საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები