ნათია თურნავა – ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ ამ ტენდენციებს რეალურ ეკონომიკასა თუ საფინანსო სექტორში
ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ამერიკელ ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრის შეფასებისას.
ნათია თურნავას თქმით, შეხვედრები გაიმართა საკმაოდ ცნობილ საინვესტიციო ფონდებთან, რომელთა ნაწილი უკვე ოპერირებს ქართულ კაპიტალის ბაზარზე, იძენს სახაზინო ვალდებულებებს და აკეთებს ინვესტირებას. ნაწილი კი, ახალი ინვესტორები არიან, რომლებიც აკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ეძებენ.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება, მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორები ნაკლებ რისკიან ქვეყნებში ეძებენ ადგილს ინვესტირებისთვის.
მისივე განცხადებით, ამერიკელ ინვესტორებთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა. სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები და არსებული პერსპექტივები, რასაც საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის, ახალი ინვესტორებისთვის მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობაა და ამავდროულად, ინფლაციის ან რაიმე ეკონომიკური შოკის ალბათობაც ნაკლებია.