ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძლიერი. ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე, რათა ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. საკმაოდ ფართოა იმ სექტორებისა და მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას ახორციელებენ, ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარება, გზები და სხვა ლოგისტიკური სერვისები. ასევეა წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. ასევეა რეფორმები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ხორციელდება, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, სადაც ჩვენ გვაქვს 500-მლნ დოლარიანი შეთანხმება. ეს პროექტი ძალიან აქტიურად ხორციელდება. ყველა ამ პროექტთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მყარი მხარდაჭერა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს გამორჩეული პოზიცია მსოფლიოში, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ამ მხრივ აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ეს რეფორმები განახორციელონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.