თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25-26 ოქტომბერს გამოიფინება
თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა. თეიმურაზ მეორის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტი საქართველოს ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დაუბრუნდა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული – ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად. საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
პორტრეტი ხელოვნების სასახლეში, 25-26 ოქტომბერს, 11 დან 18 საათამდე გამოიფინება და მისი დათვალიერების საშუალება ნებისმიერს ექნება.
„პორტრეტის სანახავად ბილეთის საფასურის გადახდა არ მოგიწევთ. მაშ ასე, მისი უბრწყინვალესობა ქართლ -კახეთის გვირგვინოსნის, მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა“, – აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.