„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ (ვიდეო)

„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ექსკურსია ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, გარდაცვლილ თანამშრომლებს პანაშვიდი გადაუხადეს და დააჯილდოვეს წარმატებული თანამშრომლები. კვირეული დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი თუ სპორტული აქტივობით.
ამჯერად, ზესტაფონში მეტალურგიული ქარხნის დაარსების ინიციატორის, გიორგი ნიკოლაძის სამუზეუმო ექსპონატების გაცნობის შესაძლებლობა ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს მიეცათ, რომლებმაც, ექსპონატებთან ერთად, ნიკო ნიკალაძის მემორიალური სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსება უშუალოდ ნიკოლაძეების სახელს უკავშირდება. ქარხნის შექმნის იდეა და პროექტი გიორგი ნიკოლაძეს ეკუთვნის. საუკეთესო ადგილმდებარეობა (ნედლეულის მოპოვებისა და მისი რეალიზაციის) გახლავთ მიზეზი, რომ გიორგი ნიკოლაძემ არჩევანი ზესტაფონზე შეაჩერა.

ლია ბიბილეიშვილი, დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმის დირექტორი:
„ნიკო ნიკოლაძე საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი იყო, ასევე იურისტი, ეკონომისტი, ფინანსისტი, მრავალმხრივი საზოგადო, პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწე, ახალი დროის რეფორმატორი, ქართულ-ევროპული ინტეგრაციის პიონერი და ბრწყინვალე წარმომადგენელი“.

თამარ არაბიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი:
„გვიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით ამ ულამაზეს გარემოში, დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენ მიმართ, შთაბეჭდილებებით სავსე ვართ მათი მზრუნველობით და მხარდაჭერით.
ამჯერადაც მნიშვნელოვანი საჩუქარი გაგვიკეთა ფეროშენადნობთა ქარხანამ. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ვასილ გველესიანს, რომელმაც ქარხნის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმის თანამშრომლებს ასეთი ძვირფასი საჩუქარი მოგვიძღვნა“.

ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი:
„26 ოქტომბერს ქარხნის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. წელს არის, ასევე, გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 130 წლისთავი. ამავდროულად, მეტალურგის დღეც მოახლოებულია. ამ ყველაფერს ვაერთიანებთ და ერთ კონტექსტში ვზეიმობთ. საზეიმო ღონისძიებები უკვე დავიწყეთ, იქნება ეს სპორტული ღონისძიებები თუ ექსკურსიები. დასკვნითი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება.
გიორგი ნიკოლაძის მემორიალს გვირგინით შევამკობთ, შემდეგ კულტურის სახლში გვექნება საკმაოდ დიდი ღონისძიება.
რაც შეეხება კვირეულს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მოიცავს ექსკურსიებს. ჩვენი ორგანიზებით ექსკურსიაზე იყვნენ ქარხნის თანამშრომლები, ამავდროულად, რაიონის სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულებების წარმომადგენლები.
ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები ჩაბრძანდნენ სამტრედიაში, დიდ ჯიხაიშში, სადაც მოინახულეს ნიკოლაძეების სახლ-მუზეუმი“, – აღნიშნა ვასილ გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები