შვილის დაკვეთით ყოფილი პოლიციელი გაიტაცეს და მოკლეს – ბიზნესმენის ვაჟის გატაცებაში ბრალდებულები სხვა დანაშაულშიც ფიგურირებენ

გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული დაჯგუფება გაანეიტრალა და ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის ვაჟის, 23 წლის გიორგი დეკანოსძის გატაცებაში ბრალდებულები თბილისსა და წყალტუბოში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრა. მძევალი, რომლის გამოსასყიდად ოჯახს 3 მილიონ ლარს სთხოვდნენ კრიმპოლის სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე, სპეცოპერაციის დროს სულ ათი პირი დააკავეს, თუმცა ხუთი მათგანი მეორე დღეს გაათავისუფლეს, დანარჩენ ხუთ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, ბრალდებულთა კავშირი წარსულში ჩადენილ მსგავს დანაშაულთან, რა დროსაც დაჯგუფების წევრებმა ყოფილი პოლიციელი გაიტაცეს და მძევლად ყოფნის პერიოდში სიცოცხლეს გამოასალმეს. “ამ საქმის შესახებ ოდნავ ქვემოთ ექსკლუზიურად გიამბობთ, მანამდე კი ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის ვაჟის გატაცებაზე მოგიყვებით…”,- წერს გამოცემა.

ამ საქმის მთავარი ფიგურანტი 51 წლის მამუკა ესაძეა. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა მისი მეუღლე – მარინა ესაძე და გერი, ნიკა ქავთარაძეც დააკავეს, თუმცა ორივე მათგანი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მეორე დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, მამუკა ესაძეს, თემურ კენჭაძეს, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს და კალისტრატე ეხვაიას კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიების ინფორმაციით, საქმის რამდენიმე ფიგურანტმა სავარაუდოდ მიმალვა მოახერხა და ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან. სავარაუდოდ, დაჯგუფების წევრთა ერთი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

ერთ-ერთი ვერსიით, წყალტუბოდან სწორედ აფხაზეთში იგეგმებოდა მძევლად აყვანილი გიორგი დეკანოსიძის გადაყვანაც. სასამართლო პროცესზე გაიჟღერა ვინმე „ასტამურას“ გვარმაც, თუმცა გამოძიებას აღნიშნული პიროვნება ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ ჰყავს, ისევე როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი. საქმის მასალებში ნახსენებია, ვინმე „ვერონიკა პაპინა“. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მის მიერ მოხდა გიორგი დეკანოსიძის მიტყუება მუხიანის მეორე მიკრორაიონის მე-17 კორპუსში მდებარე კონსპირაციულ ბინაში, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებას წინასწარ ჰქონდა ნაქირავები, აღნიშნული ბინიდან კი მძევალი წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი ბრალდებულის – გოჩა ჩეჩელაშვილის კუთვნილ სახლში გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე – შესაძლებელია, თუ არა გამტაცებლებს კავშირი ჰქონოდათ აფხაზეთში მოქმედ კრიმინალურ სამყაროსთან? ამ კითხვაზე პროკურორი ბექა ხუნაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

„ბრალდებული ხუთი პირის გარდა, ბუნებრივია, უნდა მოხდეს დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების ინდენტიფიცირებაც. ნაწილმა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მართლაც მოახერხა იმ ეტაპამდე, ვიდრე საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. არანაირ ვერსიას არ გამოვრიცხავ. აბსოლუტურად ყველა ვერსია იქნება შესწავლილი“, – განგვიმარტა პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, საქმის მასალებში ნახსენები „ასტამურა“ აფხაზი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ასტამურ შამბა გახლავთ, რომელსაც ქურდულ სამყაროში „ასტიკას“ მეტსახელით იცნობენ. ის გავლენიანი აფხაზი „კანონიერი ქურდის“ რაულ ბარცბას (პიზა) დაჯგუფების წევრია. აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ეს დაჯგუფება საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს. განსაკუთრებით ოკუპირებულ გალსა და გუდაუთაში მათ ყველა იცნობს. აღნიშნული ჯგუფის სახელთან არაერთი სისხლიანი დაპირისპირებაა დაკავშირებული, მათ შორის ისინი აფხაზეთში აკონტროლებენ ე.წ.  ქურდულ საერთოს, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისგან და შეძლებული ბიზნესმენებისგან ივსება.

მიუხედავად ადვოკატების მტკიცებისა, რომ ბრალდებულებს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, გამოძიების მიერ ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც პროკურორის ინფორმაციით, უკანონოდ ფლობდა 32 წლის თეიმურაზ კვაჭაძე. ირკვევა, რომ დაჯგუფების წევრებმა სპეცდანიშნულების რაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.

„ბიჭი უვნებელი დაგვიბრუნდა. თმის ღერიც კი არ აქვს ჩამოვარდნილი. რა თქმა უნდა, მორალურად, მაინც ზეწოლის ქვეშ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ ამას იოლად გადაიტანს“, – ამბობს გატაცებულის დედა.

ის, რომ მძევლის სიცოცხლე საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ იდგა, ამას ბრალდებულთა კრიმინალური წარსულიც ადასტურებს. ხუთიდან ოთხი ბრალდებული (გარდა გოჩა ჩეჩელაშვილისა) წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, მათ შორისაა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, ძარცვა, ქურდობა, ნარკოტიკული დანაშაული და მძევლად ხელში ჩაგდება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი მამუკა ესაძე ჯერ კიდევ 2001 წელს სწორედ ანალოგიური ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა გიორგი დეკანოსიძისგან განსხვავებით მაშინდელ მძევალს არ გაუმართლა. გამტაცებლებმა ის სიცოცხლეს გამოასალმეს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2001 წლის პირველ ივლისს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მამუკა ესაძის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი როსტევან ბეჟანიშვილი გაიტაცა. აღმოჩნდა, რომ გამტაცებლებს დანაშაული ბეჟანიშვილის ვაჟმა, ასევე ყოფილმა პოლიციელმა პაატა ბეჟანიშვილმა დაუკვეთა და ამაში უშუალოდ მამუკა ესაძეს სოლიდური თანხაც გადაუხადა. თავად პაატა ბეჟანიშვილი მანამდე სხეულის დაზიანებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის იყო ნასამართლევი.

მაშინდელი გამოძიების ინფორმაციით, სახლიდან გასული როსტევან ბეჟანიშვილი უკან არ დაბრუნებულა, მოგვიანებით კი გამტაცებლებმა მის ოჯახში დარეკეს და გამოსასყიდად 100 ათასი დოლარი მოითხოვეს. დაახლოებით ანალოგიური ხელწერით მოხდა 23 წლის გიორგი დეკანოსიძის გატაცებაც, თუმცა მის გასათავისუფლებლად ოჯახს გაცილებით დიდი თანხა – 3 მილიონი ლარი მოსთხოვეს. როგორც ჩანს, გამტაცებლებისთვის ცნობილი იყო, რომ მძევლის მამა, ამირან დეკანოსიძე შეძლებული ბიზნესმენი გახლავთ, რომელიც რამდენიმე რესტორანსა და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს, თუმცა გამტაცებლებმა დეკანოსიძეებისგან ფული ვერ მიიღეს.

2001 წელს როსტევან ბეჟანიშვილის ოჯახმა კი მათ 80 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა მძევალი არ გაუთავისუფლებიათ, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

თავდაპირველად გატაცებულის ვაჟი, პაატა ბეჟანიშვილი მოწმის სახით დაკითხეს, თუმცა გამოძიება მისმა მონათხრობმა დააეჭვა.  აღმოჩნდა, რომ პაატა ბეჟანიშვილს მამასთან კონფლიქტი ბავშვობიდან ჰქონია, ბოლოს კი როსტევან ბეჟანიშვილმა ის სახლიდანაც კი გააგდო.

როგორც ირკვევა, ქუჩაში დარჩენილმა შეძლებული მამის შვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მამის გატაცება დაგეგმა და იმ პირებს დაუკავშირდა, ვინც ამ საქმეში დაეხმარებოდა. ასეთი კი მამუკა ესაძე და მისი დაჯგუფება აღმოჩნდა. საქმის მასალების მიხედვით, პაატა ბეჟანიშვილი გამტაცებლებს 10 ათას დოლარს შეჰპირდა, ხოლო თუ გატაცებულს მოკლავდნენ, თანხა 35 ათასამდე გაიზრდებოდა. მძევლად მყოფი როსტევან ბეჟანიშვილი მართლაც სიცოცხლეს გამოასალმეს, თუმცა გამტაცებლებმა თავად დამკვეთიც „გადააგდეს“. მას შემდეგ, რაც პაატა ბეჟანიშვილმა გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, მას გამტაცებლები თვალითაც აღარ უნახავს და მისი წილი ფულიც არ მიუღია.

პაატა ბეჟანიშვილი მამის გატაცების ბრალდებით გაასამართლეს, ისევე როგორც მამუკა ესაძე. უცნობია, როდის ამოეწურათ მათ სასჯელის ვადა. „პრაიმტაიმმა“ ბეჟანიშვილის კოორდინატები დაადგინა და დაუკავშირდა კითხვით – რა კავშირი ჰქონდა მას 2001 წელს მამამისის გატაცებასთან და პირადად მამუკა ესაძესთან. პაატა ბეჟანიშვილმა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლა: „მე რა უნდა გითხრათ, არაფერი ვიცი“.

23 წლის გიორგი დეკანოზიძის მძევლად აყვანაში ბრალდებული ხუთივე პირი, უკვე წინასწარ პატიმრობაში. საქმის არსებითი განხილვა 13 დეკემბერს დაიწყება. არ არის გამორიცხული წინასასამართლო სხდომამდე ამ სკანდალურ საქმეში სხვა ბრალდებულებიც გამოიკვეთონ, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები