ანრი ოხანაშვილი: მოვუწოდებ რუსთავი 2″-ს, გაასაჯაროონ სრული ვერსია და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ნაწილ-ნაწილ, კონტექსტის დამახინჯებით უშვებს ეთერში და ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამასთან, ოხანაშვილის თქმით, პროკურატურა იმოქმედებს კანონის ფარგლებში.
“ამ საქმესთან დაკავშირებით, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ვფიქრობ, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ, რომ ჩანაწერის სრული ვერსია ყოფილიყო გასაჯაროებული. სხვათა შორის, ეს ის ვერსიაა, რომლის კომპრომატირებასაც ცდილობს “რუსთავი 2″. მოვუწოდებ, მათაც გაასაჯაროონ სრული ვერსია და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იმით, რომ ნაწილ-ნაწილ, მოდელირებულად, კონტექსტის დამახინჯებით ცდილობენ ამ ყველაფრის ეთერში გაშვებას.
ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, გავასაჯაროებთ ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელთ იქნება. პროკურატურა იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ესაა საკითხი, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა, ყველა ამ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი. საქართველოს პარლამენტს ეს საკითხი პირად კონტროლზე აქვს აყვანილი”, – აცხადებს ოხანაშვილი.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, იმას თუ ვინ გაბედა ჩანაწერების გაკეთება, შემდეგ გავრცელება და ა.შ. – ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პასუხი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
“ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას. ამ შემთხვევაში, ესაა პროკურატურის მოვალეობა, გასცეს პასუხი კანონის ფარგლებში, ყველა შეკითხვას, რომელიც გაჟღერდა. ესაა ჩვენი მოთხოვნა”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მოხდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმის მოსყიდვა, ამაზე ოხანაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიას კერძოდ, უმრავლესობის წარმომადგენლებს, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
“საგამოძიებო კომისიას კერძოდ, უმრავლესობის წარმომადგენლებს, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ გვქონია. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაზეც არ გაგვაჩნია ინფორმაცია. ამ ყველაფრის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადამოწმებული უნდა იყოს პროკურატურის მიერ, მათ უნდა იმუშაონ ყველა მნიშვნელოვან ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა, მიუთითებდეს გარკვეული დანაშაულის ნიშნებზე. ეს საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. სამართალდამცავ ორგანოებს მოეთხოვებათ, გასცენ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მოდელირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი ჩანაწერები”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები