ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულ დანაშაული, როგორიცაა ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, საქართველოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა

0

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას თქმით, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენაზე ქვეყნის სუვერენულ მთავრობებს გავლენა არ აქვთ. მისივე შეფასებით, ეს არის, ერთის მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მონაცემებსა და მეორეს მხრივ, ბიზნესგანწყობების შესწავლის შედეგად მიღებული მაჩვენებლები, რომელიც იძლევა ზუსტ სურათს, როგორ აფასებს ბიზნესი ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ცალკეულ ინდიკატორებს.
“წლევანდელ ინდექსში საქართველოს ძალიან ბევრ ინდიკატორში აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა. მაგალითად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს მედია თავისუფლების კუთხით. ასევე, საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვართ პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებლით. კარგი პოზიცია გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასაც ვუსწრებთ. ასევე აღსანიშნავია, ერთ-ერთი პირველი ადგილები ელექტრიფიკაციის მაჩვენებლით და სავაჭრო ტარიფების კუთხით, აგრეთვე, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დროის სიმცირით და საკუთრების უფლების დაცულობით. საინტერესოა ბოჭკოვანი ინტერნეტის გამოყენების ჭრილში ქვეყნის საკმაოდ მაღალი პოზიციაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმები, როგორიცაა – ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, საქართველოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან: გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი თქმით, არის მაჩვენებლები, სადაც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, მათ შორის განათლების სისტემაში.
“კერძოდ, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები ვერ აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნებს. ამისი უმთავრესი მიზეზი კი თავად პროფესორ-მასწავლებლების საშუალოდ დაბალი კვალიფიკაცია, დაბალი კონკურენცია და თვითგანვითარების სტიმულის არქონაა. სამწუხაროდ ეს ძალიან ღრმა პრობლემებია”, -აღნიშნა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჭარაია იმ სამ ქართველ სპეციალისტს შორის მოხვდა, რომელთაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან ითანამშრომლეს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მომზადების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი