სოფო კილაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე: მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე, ყველანაირ რაკურსში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში გუშინ გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„ვფიქრობ, ამ საკითხით სერიოზულად უნდა დაინტერესდეს გამოძიება. როგორც ვიცი, ამ ჩანაწერების საქმეზე 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება. დაველოდოთ და მე დარწმუნებული ვარ, გვექნება ინფორმაცია ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში. ამ საკითხზე ალბათ ბევრი კითხვა დაისმება. მათ შორის ისიც, ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული. შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება – არა. მე ვერც ერთს ვერ დავამტკიცებ. გამოსავალი იქნება ის, რომ გამოძიებამ დეტალურად გასცეს ამ კითხვებს პასუხები. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე, ყველანაირ რაკურსში. უკვე უამრავჯერ არის დადგმული სპექტაკლები და რეალურად, საზოგადოებაში ამით ცდილობენ შექმნან ქაოსი. არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს საქმეზე უნდა დადგეს გამოძიების შედეგები”, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები