მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე: ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოსთვის დღის წესრიგში დგას

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხვალ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართავს. 134-ე სესიას ლუქსემბურგი მასპინძლობს.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.

„ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც დღეს საქართველოსთვის დღის წესრიგში დგას, ის გამოწვევები, რომლებიც აქვს დღეს ქვეყანას – ერთი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც სტაბილურობის თვალსაზრისით უქმნის ქვეყანას საფრთხეს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფა.

ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას.

ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გასამახვილებლად და, ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებში ასახული იქნება ეს საკითხი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები