ლევან იოსელიანი: მაღაროელებთან დაკავშირებით პროცესში ჩართული ვარ, მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, თუმცა მე არ მაქვს ჩარევის უფლება, კომპანიამ როგორ და რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმოს

მაღაროელების პრობლემასთან დაკავშირებით პროცესში ჩართული ვარ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

იოსელიანს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, აქვს თუ არა მხარეებთან კომუნიკაცია, უცდია თუ არა მედიაცია, როგორ ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს და არის თუ არა ჩართული პროცესში.

„მეტიც, მე მქონდა მათთან შეხვედრა, მოსული იყვნენ ჩემთან, ოფისში. ამის შემდეგ მათი თხოვნა იყო, კომუნიკაციაში დავხმარებოდი და მე რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. იმ პერიოდში საერთოდ, პრაქტიკულად, კომპანია აცხადებდა, რომ არ აპირებდა მაღაროების გახსნას, რომ ეს მათთვის საერთოდ წამგებიანია. ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ მათ არავინ არ ესაუბრებოდა არაფერზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ მანდატით არ არის ჩემი საქმე, რაღაც შუამავლობა, ადამიანების გასაჭირი რაღაცნაირად, გულთან უნდა მიიტანო, როცა მით უმეტეს, რამდენიმე ათას კაცს ეხება საქმე და მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან; მივიღე დაპირება, რომ დაიწყებოდა მოლაპარაკების პროცესი. ვიცი, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყო, ვიცი, რომ მათ შორის, იგეგმება სამუშაოების განახლება და მათი ხელახლა დასაქმება. ამის იქით იცით, კომპანიამ რამდენი ადამიანი უნდა აიყვანოს და როგორ, ამაში ჩარევის საშუალება სახალხო დამცველს არ აქვს. ეს არის კერძო სუბიექტის, კომპანიის გადაწყვეტილება. უბრალოდ მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, ასეთი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რომ მე კომპანიას ვუკარნახებ, ამდენი ათასი დაასაქმოს და ამდენი არ დაასაქმოს, რადგან ეს იქნება ნამდვილად იმ უფლებამოსილებიდან გასვლა, რაც მე მაქვს. ეს არის კერძო კომპანია და მათ აქვთ შრომითი ურთიერთობა ამ ხალხთან, თუმცა ვთვლი, რომ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ყველაფერი სახელმწიფომ და ამ კომპანიამაც, რომ მათი შრომითი უფლებები ამ თვალსაზრისით იყოს გათვალისწინებული, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დარჩეს შრომითი კონტრაქტის მიღმა და უმუშევარი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან პატარა რეგიონი, ჭიათურა არ არის დიდი ქალაქი, დასაქმების სხვა ალტერნატიული გზები არ არსებობს და მაღაროელთა სამუშაოდან მოწყვეტა იწვევს ფაქტობრივად, მთელი ქალაქის უმუშევრად დატოვებას, რაც ძალიან დიდ სოციალურ პრობლემამდე მიგვიყვანს.

„ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ის ყოველთვის მზად არის, შეხვდეს მაღაროელებს და ყოველთვის მზად არის, მათ მოუსმინოს, მაგრამ მეორე მხრივ, მათი დასაქმების კუთხით, ამ თვალსაზრისით მისი რესურსი შემოფარგლული და რეგლამენტირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები