ისრაელის საჰაერო თავდასხმას ხან იუნისში ღაზის ევროპულ ჰოსპიტალზე, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰოსპიტალზე ერთდროულად ექვსი ბომბი ჩამოაგდეს, დაარტყეს მის შიდა ეზოს და მიმდებარე ტერიტორიას.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს „ზუსტი დარტყმა „ჰამასის“ ბაზაზე“, რომელიც, მათი თქმით, საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.
საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა ღაზაში BBC-ში მომუშავე თავისუფალი ჟურნალისტიც, რომელიც სამედიცინო დახმარების შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია.
დაღუპულები და დაშავებულები ხან იუნისის ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, თავდასხმის სამიზნე იყო „ჰამასის“ უფროსი მოღვაწე მოჰამედ სინვარი – ღაზაში „ჰამასის“ ყოფილი ლიდერის, იაჰია სინვარის უმცროსი ძმა.