ლევან მაჭავარიანი: აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს – ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ ის გზავნილები, პოლიტიკური ნაბიჯები, შეხედულებები, რაც ჩვენი მხრიდან კეთდებოდა, აბსოლუტურად თანხვედრაშია აშშ-ის ადმინისტრაციასთან
იგრძნობა, რომ ჩვენ აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება, საქართველოს შემთხვევაში – „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას, „პოს ტვ“-ის ეთერში განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის და მმართველი გუნდი უამრავი წნეხის და ზეწოლის მიუხედავად, არ აპირებს ეს პოლიტიკა შეცვალოს, ვინაიდან, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი.
„რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ მით უმეტეს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში – ის ღირებულებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ, ქართველებმა მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან ჯერ კიდევ საუკუნეების წინ და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა – ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება, რომელსაც კბილებით ვიცავთ. სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი არასდროს ყოფილა და ჩვენ ეს ძალიან ძვირი გვიჯდება, ეს კომფორტი ნამდვილად არ არის, ვინაიდან, ამის გამო, ჩვენ ვუძლებთ უამრავ წნეხს, ზეწოლას, უამრავ უსამართლობას, მაგრამ მაინც, უკან ერთ ნაბიჯსაც არ ვდგამთ და მივიწევთ წინ, ვინაიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ჩვენი პატრიოტი მოსახლეობის ინტერესი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ პოლიტიკას ვატარებთ და არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, კიდევ რომ გაიზარდოს შანტაჟი, სანქციები და ა.შ. – ჩვენ ყოველთვის ამ პოლიტიკის გარანტორები ვიქნებით საქართველოში, ანუ, „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის, სტაბილურობის და ჩვენი ღირებულებების შენარჩუნების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების მთავარი გარანტია „ქართული ოცნება“ საქართველოში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ღია წერილი დროული იყო, ვინაიდან, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ოთხი თვეა, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და ამ დროის მანძილზე, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
მაჭავარიანის თქმით, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დუმილი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლების შეხედულებებს, განცხადებებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს მათი გზავნილები ემთხვევა.
„წერილი, რა თქმა უნდა, დროული იყო. ოთხი თვეა გასული, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში და სამწუხაროდ, მათი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით განცხადება არ მოგვისმენია. მიუხედავად იმისა , რომ ის გზავნილები, პოლიტიკური ნაბიჯები, შეხედულებები, ის სიფრთხილით გაჟღერებული ფრაზები, რაც ჩვენი მხრიდან კეთდებოდა, აბსოლუტურად თანხვედრაშია აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ღირებულებითი ნაწილიც, ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით როგორი ღია ბრძოლა გამოვაცხადეთ, ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი მივიღეთ, პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ხმამაღლა დავიწყეთ USAID-ის და NED-ის კრიმინალურ საქმიანობაზე საუბარი; უკრაინის ომთან მიმართებით სრული თანხვედრაა ჩვენსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის, თუ რა იყო ერთ-ერთი გამომწვევი ამ პროქსი ომის და რომ გამოიყენეს უკრაინა. მინდა მოვიშველიო მარკო რუბიოს სიტყვები, როდესაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში – ჩვენთვის, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც წინა პლანზე აქვთ წამოწეული თავიანთი ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტიო – ანუ, რაც ჩამოვთვალე, სრულ თანხვედრაში ვართ ყველა პუნქტში.
ჩვენ, ჩვენმა ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ, სხვადასხვა პლატფორმაზე ძალიან ბევრჯერ გამოვხატეთ დიდი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს აშშ-თან ნამდვილი მეგობრობა, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და არა ის, რომელიც უბრალოდ ფარატინა ფურცელზე იყო. [გვსურს] ისეთი ტიპის პარტნიორობა, როგორიც მაგალითად, ჩინეთთან გავაფორმეთ – გაფორმდა პარტნიორობა და ჩაინიშნა პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. ჩვენ აშშ-ს ძალიან ღიად ვთავაზობთ, რომ შეგვიძლია კონკრეტული გზამკვლევიც კი დავაწესოთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აეწყოს რეალური პარტნიორობა. საქართველო ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი პარტნიორია – არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ქვეყანაა თუ პატარა ქვეყანა. ჩვენ არასდროს არავისთვის გვიღალატია, არასდროს ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს და ყოველთვის განსაკუთრებულად ვუდგავართ გვერდში ჩვენს მეგობრებს და ვართ სერიოზული დასაყრდენი ნებისმიერი გაერთიანების თუ კონკრეტული ქვეყნისთვის. იმავე აშშ-ის მაგალითზე რომ ვთქვათ, ავღანეთის და ერაყის მისიებში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილები და ათასობით მებრძოლს როცა ვაგზავნიდით, ლატვია-ლიეტუვა-ესტონეთს, დღეს რომ ძალიან ხმაურიანად საუბრობენ, 50-კაციანი შემადგენლობები ჰყავდათ გაგზავნილი. ნატო-ს ქვეყნებს შორისაც მე-4 ადგილს ვიკავებდით და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცებული გვაქვს, რამდენად სერიოზული და სანდო პარტნიორები ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც არის დუმილი, ეს გასაკვირია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.