პესკოვი: რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებს სტამბოლში დაელოდება

რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებს სტამბოლში დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა Rossiya 1-ის ჟურნალისტს განუცხადა.

„ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და დაელოდება უკრაინულ მხარეს“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვს არ დაუსახელებია მოლაპარაკებების ჯგუფის შემადგენლობა რუსული მხრიდან და არც შეხვედრის დაწყების დრო დაუკონკრეტებია.

„არ შემიძლია. როცა [რუსეთის] პრეზიდენტის ბრძანება იქნება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განმარტა მან.

გარდა ამისა, კრემლის პრესმდივანმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის ლიდერთან პირადად შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

„ჩვენ მხოლოდ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ“, – დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები