ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედროებს ბინები გადასცა (ფოტოკოლაჟი)

დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულ 10 სამხედრო მოსამსახურეს დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. გორში მდებარე სამხედრო დასახლებაში ბინების გადასაცემად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, ადგილზე მოინახულა სამხედრო დასახლებაში დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსი და დაჭრილი სამხედროების ოჯახებს ადაპტირებული ბინების გასაღები პირადად გადასცა.
„ჯარისკაცებს აქვთ ძალიან საპატიო პროფესია, მაგრამ, ამავდროულად, მათ აქვთ ძალიან რისკის შემცველი პროფესია. ეს მოითხოვს ძალიან დიდ თავდადებას, თავგანწირვას ქვეყნისთვის ერთგულებას. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ, ემსახურებიან და იცავენ ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. ვიცით, რომ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი – ჩვენი გმირი ჯარისკაცი ღირსეულად დაიღუპა, გმირულად დაიღუპა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. როგორც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე საერთაშორისო მისიებში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩვენ ძალიან დიდი ღვაწლი მიგვიძღვის საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში. ასე რომ, ამას სჭირდება შესაბამისი აღნიშვნა. მე ყოველთვის მითქვამს და მინდა გავიმეორო – ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენს დაჭრილ გმირებზე, ვეტერანებზე და ა.შ. მიმაჩნია, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ – ეს არის ჩვენი პირველი ვალდებულება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა ვუთხრა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომ მათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი იმედი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„საქართველოს მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ჩვენი სამხედროების მიმართ ვალდებულებას ასრულებს. დღეს, სამხედროებს 87 ბინა ჩაბარდათ. აქედან 15 ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვისაა ადაპტირებული. ეს არის სამსახურებრივი ბინები. დაჭრილებს თბილისში უკვე გადაეცათ ბინები, მაგრამ ისინი აგრძელებენ სამსახურს გორის აკადემიაში და სჭირდებოდათ ადაპტირებული ბინები. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენი სამხედროების წინაშე გვაქვს. იგეგმება ერთი კორპუსის მშენებლობა თბილისში. ასევე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოში საბინაო ფონდი შეიქმნას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენ სამხედროებს ყველა საშუალება მივცეთ, რომ ოჯახები ჰყავდეთ გარანტირებული, ჰყავდეთ გვერდით და ისე ემსახურონ ჩვენ სამშობლოს. ეს, როგორც მთავრობის, ისე თავდაცვის სამინისტროს მთავარ მოვალეობად მიგვაჩნია“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ათივე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში უკვე აქვთ მიღებული. ვინაიდან ისინი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში განაგრძობენ მუშაობას, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მათ დროებით სარგებლობაში 10 გარემონტებული ბინა გადაეცათ.
სამხედრო დასახლებაში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დასრულებული. 87 გარემონტებული ბინიდან 15 სპეციალურად მძიმედ დაშავებული (ამპუტირებული) სამხედრო მოსამსახურეებისთვისაა ადაპტირებული. საცხოვრებელი ბინები კეთილმოწყობილია და საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ავეჯითაა აღჭურვილი.
გორში სამხედრო დასახლების მშენებლობა 2007 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში, გაჩერდა. მშენებლობა 2013 წლის სექტემბერიდან განახლდა. ბინები ასევე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გორის მეხუთე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ.
თავდაცვის სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით ზრუნავს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე. მათ შორის არის მათი დასაქმება. დაჭრილი სამხედროები ისევ ბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებში და მიღებულ გამოცდილებას კვლავ სამშობლოს სამსახურს ახმარენ.

966236_774310362601708_6203270617082920220_o

1016027_774310359268375_2049577144025467002_o

10256758_774310675935010_7584827282137904857_o

1980243_774310429268368_1922646772437528156_o

10286765_774310552601689_3271267563322645377_o

10339540_774310449268366_1631952374166251480_o

10344407_774310369268374_297863489620131792_o

10355483_774310665935011_984727318282402150_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები