გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოების გაერთიანება შეუძლია
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მოსახლეობასთან შეხვედრისას მარნეულში, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ხვდება, სიტყვით გამოსვლისას რეგიონში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილს აქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება გააერთიანოს.
“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის – დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო – ეს არის ადამიანის უფლებები.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, ძალიან სიღრმისეულად გააანალიზებს შექმნილ ვითარებას, არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი . ერთად საქართველოსთვის – ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.