შავლეგო ტაბატაძე: ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული რგოლის მონაწილეობა

იმერეთის რეგიონის მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და მეთოდებს აცნობენ. რეგიონის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები წყალტუბოს მოსახლეობას ხვდებიან და აწვდიან ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მავნებლის შემცირებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ და საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები.
„მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. ეს არის გამოწვევა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული რგოლის, თვითმმართველი ერთეულების და მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების მონაწილეობა. ჩვენ აქედანვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, რათა მომავალ სეზონზე მავნებლის რაოდენობასთან ერთად შევამციროთ ეკონომიკური ზარალი”, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
სპეციალისტებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც მინიმუმამდე შეამცირებს აზიური ფაროსანას მიგრირებას საცხოვრებელ სახლებში. თვალსაჩინოებისთვის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება.
2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ იმერეთის რეგიონში 233 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ღონისძიებები ჩატარდა ბაღდათის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.
მთლიანად დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 710 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები