ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურაში, ლევან ყიფიანი გამოკითხვის მიზნით, კიდევ ერთხელ მივიდა.
ცნობისათვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის “ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა ზაზა ოქუაშვილი, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.