უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, შალვა კერესელიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა), უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დაიწყება ტრადიციული პროდუქტის – დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება. საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – “ფხოვი 2017“-ს , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს.
რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა, 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს, 8 წლის განმავლობაში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25-წლიანი იჯარის უფლებით, 678 ჰა სათიბ-საძოვარი გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო 60 ცხენის ძალიანი ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით, ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად, პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.