მწერალთა სახლში იური ანდრუხოვიჩის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
3 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში უკრაინელი მწერლის, იური ანდრუხოვიჩის წიგნის „მოსკოვიადას“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და უკრაინულიდან რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.
წიგნის წარდგენას თავად ავტორი დაესწრება.
ესეისტი, პოეტი და პროზაიკოსი იური ანდრუხოვიჩი მწერალთა სახლისა და თბილისის სტუმარი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებშიც იყო 2016 წელს.
მან 1985 წელს პოეტური ჯგუფი „ბუ-ბუ-ბუ“ შექმნა, რამდენიმე წლის შემდეგ კი უკრაინაში პირველი პოსტმოდერნული ჟურნალი „ოთხშაბათი“ დააარსა. იგი არაერთი რომანის, პოეტური და ესეების კრებულის ავტორია. თარგმნის პოეზიასა და პროზას ინგლისური, გერმანული, პოლონური და რუსული ენებიდან. არაერთი უკრაინული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის მფლობელია.
იური ანდრუხოვიჩის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე და მათ შორის – ქართულადაც.
პრეზენტაციის საღამოს გაიყიდება წიგნი და სტუმრებს ავტორისგან ავტოგრაფის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.