ირმა ინაშვილი აკაკი ბობოხიძეს – „დაახვიე ახლა აქედან“
„დაახვიე ახლა აქედან“, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს, ბიუროს სხდომაზე დაწყებული კამათის შემდეგ, რომელიც დეპუტატებს შორის გარეთ გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ირმა ინაშვილს ბიუროს სხდომაზე გამართულ კამათში მონაწილეობა არ მიუღია.
ბიუროს დახურულ სხდომაზე, სადაც “ომეგა ჯგუფისა“ და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების საკითხზე საუბრობდნენ, ბიუროს წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა, რაც ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სერგი კაპანაძემ და აკაკი ბობოხიძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოსვლა მოითხოვეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, ფარული ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ბიზნესის რეკეტს და ფულის გამოძალვას.
უმცირესობის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს ერთგვარი რიტორიკული კითხვით მიმართეს, პარლამენტს უნდა მოეხდინა თუ არა რეაგირება ამ საკითხზე და შესაბამისი უწყებები დაებარებინა.
უმცირესობას დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პარლამენტის წევრები, პირველ რიგში, იმით უნდა ინტერესდებოდნენ, თუ რამდენად კანონიერად ხდება ფარული ჩანაწერების მოპოვება და ხომ არ აქვს ადგილი პირად სივრცეში უკანონო შეჭრას. ამ კონტექსტში ბესელიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გამკაცრდა კანონმდებლობა ფარული ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით.
ცხარე კამათი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დისკუსიაში უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაერთო. კობახიძემ უმცირესობის ბრალდებებს კონტრბრალდებებით უპასუხა და 9-წლიან რეჟიმზე გაამახვილა ყურადღება. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო კომედია.