ირინა ფრუიძე: 2019 წლის ბოლომდე უზრუნველვყოფთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოისმინეს და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებები და აქტივობები მიმოიხილეს. როგორც საბჭოს წევრმა დეპუტატებმა, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა ცალკეულ ვალდებულებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე.
მიმდინარე წლის ზაფხულში პარლამენტმა ღია მმართველობის მესამე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის შეფასებით, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ძალიან ბევრ ვალდებულებას მოიცავს იმისათვის, რომ პარლამენტი კიდევ უფრო ღია გახდეს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.
„ჩვენ ჩამოვაყალიბებთ რამდენიმე სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვალდებულებების შესრულებაზე იმუშავებს“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.
საბჭოს წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საპარლამენტო ღიაობის გეგმა ეროვნული ღიაობის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმის შესრულების დროსაც ჩვენ ისეთივე წარმატებულები ვიქნებით, როგორც წინა სამოქმედო გეგმების შესრულებისას ვიყავით. ჩვენ ამ სტანდარტებით, საერთაშორისო ფორუმებზე ღია პარლამენტის სამოქმედო ნაწილში ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ მოგვიხსენიებენ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც ამ პროცესშია ჩართული“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმით აღებული რამდენიმე ვალდებულება უკვე გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტში, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ერთი მოსმენით მიიღო.
„ეს ეხება პარლამენტის ღიაობის ნაწილს, ეს ეხება მოქალაქეთა ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესს და, ასევე, ეთიკის კოდექსს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტში უკვე ასახულია ეთიკის საბჭოს შექმნის საკითხი, გარდა ამისა, პარლამენტი მომდევნო სესიებზე იმსჯელებს ასევე ეთიკის კოდექსის მიღებაზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.