საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება
საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან ამინდი გაუარესდება და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
ბიუროს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს. გარდა ამისა, ხანმოკლე ხასიათის წვიმებთან ერთად ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
„ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოში გამოდარებულია, თუმცა დასავლეთ რაიონებში ამ დრომდე უმეტესად ღრუბლიანი ამინდია. დღეიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ კლებას დაიწყებს, ხოლო ხვალიდან უმეტეს რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ასევე, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაეცემა, თუმცა 3-4 გრადუსით დაიკლებს. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაშიც არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.