ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის – „მოგონებების გაფანტული ფურცლების“ წარდგენა გაიმართება
29 სექტემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის „მოგონებების გაფანტული ფურცლების“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლია აბულაძის „მოგონებების გაფანტული ფურცლები“ შედგება 4 ნაწილისაგან. პირველ ნაწილში ავტორი იხსენებს მამას, ჟურნალისტსა და მთარგმნელს ბიძინა აბულაძეს, რომელიც გარემოებებმა აიძულა, 15 წელი სამშობლოსა და ოჯახისგან მოშორებით გაეტარებინა. მეორე ნაწილი ეთმობა მოგონებებს ილია აბულაძეზე – ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლსა და მის პირველ დირექტორზე. წიგნის მესამე ნაწილში ავტორი მოგვითხრობს მთელი მისი ოჯახის ცხოვრებაზე მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან დღევანდლამდე. მეოთხე ნაწილს ის თავის შვილიშვილებს უთმობს, რომლებიც გერმანიაში დაიბადნენ და იქვე იზრდებიან, ორენოვან გარემოში.
სისრულის პრეტენზია ამ მოგონებებს არც აქვს და ვერც ექნება, რადგან „ადამიანის მახსოვრობა ისეა მოწყობილი, რომ ის პროჟექტორივით მხოლოდ ცალკეულ მომენტებს ანათებს, გარშემო კი უკუნეთს ტოვებს“, როგორც ამას შენიშნავს ანა ახმატოვა იმ ნაწყვეტში, რომელიც „მოგონებების გაფანტულ ფურცლებს“ ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული.
ცნობისთვის: ლია აბულაძე 40 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1999 წლიდან ასწავლის ქართულ ენას მიუნსტერის უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების ინსტიტუტში. გერმანისტ ანდრეას ლუდენთან ერთად მან დაწერა ქართული ენის სახემძღვანელო (“Einführung in die georgische Sprache”, Hamburg: Buske, 2006, მეორე გამოცემა 2012, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე გამოცემაზე) და ქართულ-გერმანული ლექსიკონი (“Grundwortschatz Georgisch”, Hamburg: Buske, 2011), წელს მისი და იონას ლოფლერის რედაქციით გამოქვეყნდა ქართული საკითხავი წიგნი (“Georgisches Lesebuch”, Hamburg, Buske, 2018).
ლია აბულაძემ სამეცნიერო სტატიების გარდა გამოაქვეყნა ესეები ქართული ენისა და კულტურის შესახებ გერმანიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის ჟურნალ-გაზეთებში.