სამხედრო ტრენერებისთვის საწვრთნელი კურსი ტარდება

მცხეთის ისტორიული ძეგლების განსაკუთრებული დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ოფიციალური უწყებები გადაუდებელ ვითარებაში ძეგლების დაცვის უზრუნველსაყოფად პროფესიული ცოდნისა და უნარების გაძლიერების ახალ ეტაპზე გადადიან. ეროვნულ დონეზე განსახორციელებელი ნაკისრი ამოცანების შესრულებას საქართველოს მხარე UNESCO-თან თანამშრომლობით წარმართავს. მიმდინარე ეტაპზე, UNESCO-ს შემოთავაზების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და UNESCO-ს „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კონვენციის სამდივნოს თანამშრომლობით მომდევნო 2 დღის განმავლობაში ქართველი სამხედრო ტრენერებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საწვრთნელი კურსი ტარდება.
ამავდროულად, „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კონვენციის შესრულების ერთ-ერთი ამოცანის თანახმად, რაც სათანადო ვითარებაში დაცვის სტატუსის მქონე ძეგლების იდენტიფიცირებასა და ცნობადობის უზრუნველყოფას გულისხმობს, სახელმწიფოს მიერ „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლებისათვის“ განსაზღვრული არეალი სპეციალური განმანსხვავებელი საინფორმაციო მანიშნებით აღიჭურვება.
UNESCO-ს რეკომენდაციით, მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე სპეციალური მანიშნების განთავსება, რომლის დიზაინი კონვენციის წევრი ქვეყნების მე-6 შეხვედრაზე 1999 წლის მეორე პროტოკოლის მიხედვით დამტკიცდა, სწორედ სატრენინგო კურსის ფარგლებში მოხდება. საინფორმაციო ტრაფარეტების განთავსებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს, რაც საქართველოს მხრიდან კონვენციის შესრულების მნიშვნელოვან კონტრიბუციად მიიჩნევა.
მცხეთის ისტორიული ძეგლების “გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის” მანიშნების გახსნითი ცერემონია 26 სექტემბერს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ შედგება. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განთალების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
2016 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის „მცხეთის ისტორიულ ძეგლებს“ „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საგანძურს დამატებითი დაცვის რეჟიმს უდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები