სასამართლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე, ექვსი ბრალდებულის მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, გია თ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ნათელა მ.-ს, ნინო გ.-ს ნინო კ.-ს, ლაშა ჩ.-ს და ქეთევან ჩ.-ს ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად ჩადენა, ესე იგი სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო ნინო გ. ასევე, ბრალდებულია აღნიშნული დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის.
საქმე ეხება, აფთიაქების მფლობელების მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განხორციელებულ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

კერძოდ კი სხვადასხვა ავტორიზებულ აფთიაქში, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსმა, ბრალდებულმა გია თ.-მ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა 15 აფთიაქი, რის საფუძველზეც ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მხრიდან, არ მომხდარა რეაგირება აფთიაქების უკანონო საქმიანობაზე.

შესაბამისად, სანებართვო პირობების დარღვევაზე არ მომხდარა რეაგირება „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ შესულ სატელეფონო შეტყობინებებზეც და აფთიაქებს ეძლეოდათ საშუალება უნებართვოდ სისტემატიურად ევაჭრათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით, უკანონოდ მიეღოთ დიდი ოდენობით შემოსავალი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, რომელიც ატარებდა სისტემატიურ ხასიათს და განხორციელდა ჯგუფის მიერ.

ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახედ -პატიმრობის გამოყენების პირობებში იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი, სწრაფი და შეჯიბრობითობის პრინციპებზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 12 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება“ – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები