ქეთევან ციხელაშვილი: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როზარია პუგლისთან და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორ ნინო ბოლქვაძესთან ერთად, საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გახსნა.
სემინარზე, რომელსაც ნინოწმინდისა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგები დაესწრნენ, რეგიონში ნატო-ს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე გამახვილდა ყურადღება.
სახელმწიფო მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლები უმთავრეს როლს ასრულებენ მომავალი თაობის ფორმირებაში, ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ დასმული თითოეული კითხვა, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და რა სარგებელს მოიტანს თითოეული მოქალაქისთვის.
„მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსული პროპაგანდა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მუდმივად მიდის და სახელმწიფო ენის არასათანადო ფლობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია იმისა, რომ მათ ინფორმაციაზე სრული წვდომა ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრები ჩვენთვის არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და მათ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდებიან. მიიღებენ ინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და ნატო-ს წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე.
პროექტი „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, მეექვსე წელია ხორციელდება. მის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 650-მდე პედაგოგი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები