მაია ცქიტიშვილი: ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები და დახურული ინფორმაცია

0

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ტარდება.
კონტრაქტორი ორგანიზაციები და დაინტერესებული ჯგუფები, წინასწარ იღებენ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ტენდერის, ინოვაციისა თუ დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
სამინისტროს ამ ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.
“ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები და დახურული ინფორმაცია, გვინდა რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ და უზრუნველვყოთ უფრო აქტიური ჩართულობა ჩვენი კომპანიების მხრიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც ერთ-ერთი კომპანიის “შპს ბორან მაინინგის” წარმომადგენელმა ჯანო ყაფლანიშვილმა აღნიშნა, მათთვის ამ ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უშუალო კომუნიკაცია აქვთ, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ისე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და დეტალურად განიხილება ყველა კონკრეტული საკითხი, მისივე თქმით, ამ სახის კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით, 15 ოქტომბრამდე 26 ტენდერს გამოაცხადებს. ტენდერების ჯამური ღირებულება 185 მილიონ ლარს აღემატება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტურისტულად და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საავტომობილო გზებს, ასევე – ისეთ მონაკვეთებს, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. კერძოდ, რეაბილიტირდება ხვამლის ისტორიულ მთასთან და ოკაცეს კანიონთან მისასვლელი – გორდი-ძეძილეთის დამაკავშირებელი გზები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბარისახო-შატილის დამაკავშირებელ 55 კმ-იან გზასა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის 2 ლოტს, რომლის საერთო სიგრძე 8.5 კმ-ია. ამ მიმართულებებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კომფორტულ გადაადგილებას და რეგიონების განვითარებას. მთის გზების პროექტები, ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაბრუნებას მაღალმთიან რეგიონებში და ადგილზე მცირე ბიზნესის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი