„დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ – სიღნაღში ფოტოგამოფენა გაიხსნება

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მექსიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღნაღის მუზეუმში წარმოადგენს ფოტოგამოფენას დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo).
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მე-20 საუკუნის ამ ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა – „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ – პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში. მას შემდეგ გამოფენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიციაზე ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი გამოიფინება. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცა. მათ შორის არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.
დიეგიოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა – ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.
თავიდან ისინი პარტიზანულმა კავშირმა და ხელოვნების სიყვარულმა დააახლოვა. ქორწინების შემდეგ წყვილი შეერთებულ შტატებში დასახლდა. დიეგოსთვის ეს იყო კაპიტალისტური სამყაროს შიგნიდან გაცნობის შესაძლებლობა. დეტროიტის გამოცდილებამ და როკფელერის შენობაში თოკების გაწყვეტამ ხელი შეუწყო გუანახუატოელი მხატვრის შემოქმედების ჩამოყალიბებას. ფრიდასთვის ეს ნიშნავდა არა მარტო დიეგოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, არამედ მსოფლიოს ახლებურად დანახვას. ამგვარად სანამ რივერა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიის ძალას ითვისებდა, ფრიდა ეცნობოდა სხვათა იდეებსა და დამოკიდებულებებს: აბორტებმა, ქირურგიულმა ჩარევებმა და კონტაქტმა ბურჟუაზიულ სამყაროსთან ღრმა კვალი დაამჩნია კოიოაკანელი ხელოვანის შემოქმედებას. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ, შესამჩნევი იყო დიეგოს ინტერესი ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართ. ამ წლებში აღსანიშნავია მისი სიახლოვე ტროცკისთან და ანდრე ბრეტონთან. ამ ყველა საკვანძო ეტაპთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია წყვილის ხელმეორედ ქორწინება, მათი კავშირი იმდროინდელ სახელოვნებო სამყაროსთან. გამოფენა ასევე გვიჩვენებს ფრიდას სიკვდილის მოახლოებასა და წყვილის უკანასკნელ ფოტოს.
გამოფენა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით.
„ეს წყვილი არის სრულყოფილების მეტაფორა, ყველა ძალების შეხვედრის წერტილი და ყველა ფორმის მარცვალი. ეს წყვილი არის დროზე კვლავ გამარჯვება, დრო დრომდე” – ოქტავიო პასი.
გამოფენა ხორციელდება საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენა  7 ნოემბრამდე გასტანს.
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები