სოფიო ქაცარავა: სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია
თბილისში სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმმა მუშაობა დაასრულა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილის პანელზე, ფორუმის ორგანიზატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობა შეაჯამა.
„ფორუმის ამოცანა, რომ სტრატეგიულ კომუნიკაციებში ჩართული ყველა მხარე ერთად შევკრებილიყავით და მთავარ გამოწვევებსა და კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე გვემსჯელა, შესრულებულია. ჩვენ დავინახეთ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მაგალითები და გავაცნობიერეთ, რომ ეფექტური სისტემის გასამართად საჭიროა პოლიტიკური ნება, მეტი ძალისხმევა და ექსპერტული მხარდაჭერის გამოყენება. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები წარმოადგენს პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტის გამოყენებას ამ სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევას”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ახლა დგას მომენტი, როცა შემდეგი ქმედებების განხორციელებისთვის, რაც მიღწეული პროგრესის გაძლიერებას და ახალი სისტემების შექმნას უკავშირდება.
„ახლა მთავარია შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, ფორუმზე წარმოდგენილი მიგნებების, რეკომენდაციებისა და იდეების გათვალისწინებით, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაუწევს ორგანიზებას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ფორუმის დასასრულს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს, USAID-ს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.