ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩეველს პატივს არ სცემს, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაყალბებული საარჩევნო სიები წარუდგინეს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდის სურვილია ევროპული სტილის, ყაიდის საარჩევნო კამპანია, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს საკუთარ ხედვაზე, საკუთარ უპირატესობებზე ესაუბრებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის ნაცვლად, საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფაზე და პროვოკაციაზე.
“როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სურვილია ევროპული სტილის, ყაიდის საარჩევნო კამპანია, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს ესაუბრებიან საკუთარ ხედვაზე, საკუთარ უპირატესობებზე. ამის ნაცვლად, ჩვენი საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფაზე და პროვოკაციაზე. ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი და რომელიც არ უნდა ემსახურებოდეს არცერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. ამ, ნამდვილად სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა ნაციონალური მოძრაობის პარტიული მედია. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემაზე, რომელიც არის დაკავშირებული მხარდამჭერთა გაყალბებულ სიებთან, ესეც არის ნაცმოძრაობის სტილი, ისინი პატივს არ სცემენ არც საკუთარ ამომრჩეველს, არც სხვის ამომრჩეველს და მათ წარადგინეს გაყალბებული საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ყველაფერთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ასევე 2016 და 2017 წლების საარჩევნო კამპანიებიდან. მინდა გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ პრობლემაზე. ეს არის ფიქტიური ბლოკების პრობლემა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრირებული არიან ფიქტიური საარჩევნო სუბიექტები. მათი წყალობით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამატებით დაფინანსებას იღებს საარჩევნო ადმინისტრაციიდან და ასევე ისინი დამატებით იღებენ უფასო საეთერო დროს, ეს არის მანიპულირება და ეს არის პრობლემა საარჩევნო თვალსაზრისით, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ჩვენ დღეს დილით დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ, ინფორმაციაში ჩვენ იმ ადამიანების სახელები და გვარები გვქონდა მითითებული, რომლებსაც უნდა მოეწყოთ ეს პროვოკაციები”, -განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მოგვიანებით, პროვოკაციები რეალურად სწორედ აღნიშნული პირების მიერ განხორციელდა.
“ჩვენ „ქართული ოცნება“ უზრუნველვყოფთ დიპლომატიური კორპუსის და საარჩევნო დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომელიც არის ძალიან შორს ევროპული პრაქტიკისგან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, საზოგადოების თანადგომით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით. მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და წარმართონ, ჯანსაღი ევროპული ტიპის კამპანია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები