თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თბილისის სასახლე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების ორდღიან სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ექვსი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის უფროსები სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ და „თბილისის მემორანდუმს“ გააფორმებენ.
სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელების შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა იდეების გასაცვლელად, პარლამენტებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში მეტი წვლილის შესატანად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, გივი მიქანაძეს მისი პერსონალური წვლილისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივესალმებით სხვადასხვა ინიციატივას ამ პლატფორმის ფარგლებში, მათ შორის, საზაფხულო და ზამთრის საპარლამენტო აკადემიებს, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომ გააძლიერებს პროფესიონალურ კავშირებს პარლამენტებს შორის, ასევე, გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე და დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.
„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც პირველად იმართება მსგავსი ფორმატის შეხვედრა. ეს არის მთლიანად პარლამენტის და მისი აპარატის ინიციატივა, რომელსაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოყვა კოლეგა პარლამენტის აპარატის უფროსების მხრიდან. ამ ღონისძიების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, რასაც მოწმობს გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსის მოადგილე, ულრიხ შოლერის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რომლის სურვილიც მან თავად გამოთქვა. აპარატის უფროსების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია და განხილვები იმ საქმიანობის, რომელსაც წევრი ქვეყნის პარლამენტის აპარატები ახორციელებენ. შეხვედრის ბოლო სამუშაო დღეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელიც „თბილისის მემორანდუმის“ სახელით იქნება ცნობილი, ხელი მოეწერება. მემორანდუმის ფარგლებში კი პარლამენტის აპარატებს შორის შეიქმნება ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებათა ორგანიზებას, თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროცესებში გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის ჩართულობა ძალიან მაღალი იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსის მოადგილე, ულრიხ შოლერი მიესალმა, რომელმაც ღონისძიების ორგანიზატორებს ვიზიტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ მივესალმებით პარლამენტის აპარატის უფროსების მსგავსი ფორმატის შეხვედრების გამართვას და გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაცია მხარს უჭერს თანამშრომლობის პროგრამებს. აღნიშნული შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს ბევრი საერთო გამოწვევა აკავშირებს და თანამშრომლობის ეს ფორმატი ამ გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანი ფორუმი შეიძლება გახდეს, რომლზეც ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება“, – განაცხადა ულრიხ შოლერიმ. გერმანელმა სტუმარმა პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრების კიდევ ერთი დადებითი ასპექტი გამოყო და აღნიშნა, რომ შეხვედრები რეგიონულ დონეზე დიალოგის უფრო დინამიურად განვითარებას უზრუნველყოფს, რაც საბოლოო ჯამში, რეგიონულ თანამშრომლობას გააძლიერებს.
საჯარო ადმინისტრირების რეფორმირების პროცესებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა. მისი განცხადებით, საჯარო ადმინისტრირების კუთხით საქართველომ 2015 წელს საგზაო რუქა და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და დღეისათვის ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი უკვე სახეზეა. მანვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მიმართ უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა და თითოეული ქვეყნის მიერ განვლილი პროცესები შეაჯამა.
სამუშაო შეხვედრის მისასალმებელი ნაწილის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ და ღონისძიებაში მონაწილე მხარეებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები