წყალტუბოს ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა – 26 მოწამლული ბავშვიდან 10 კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღის 26 ბავშვი იმერეთის სხვადასხვა საავადმყოფოებში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ნაწლავთა ინფექცია – „შიგელოზი“ დაუდგინდათ.
მისი თქმით, ამჯამად იმერეთის სხვადასხვა კლინიკებში 10-მდე ბავშვი მკურნალობას აგრძელებს, დანარჩენებმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ ბაღის აღსაზრდელებისთვის ნაწლავური ინფექცია კვებით პროდუქტებასაც გამოეწვია.
მისივე თქმით, 30-მდე ბავშვს ერთიდაიგივე სიმტომები აღენიშნებოდათ, მათ პირღებინება და ფაღარათი ჰქონდათ.
როგორც პაატა იმნაძემ „კვირას“ განუცხადა, იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის გადაწყვეტილებით, იმ საბავშვო ბაღებში სადაც ბავშვებს ნაწლავური ინფექცია დაუდასტურდათ, სასწავლო პროცესი შეწყდა.
სასწავლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, როდესაც გაირკვევა ინტოქსიკაციის მიზეზი.
„კვირას“ ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპელეტის სხვადასხვა საბავშვო ბაღში 30-მდე ბავშვი მოიწამლა.
მათ შორის, 10 აღსაზრდელი სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში დადიოდა.
საბავშვო ბაღის დირექტორმა ლია ქართველიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო.
ბავშვების მოწამვლის ფაქტზე შს სამინისტროში მოკვლევა დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.
მათივე ინფორმაციით, შესწავლის პროცესში თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
შს სამინისტროს გარდა მოკვლევას აწარმოებს სურსათის უვნებლობის სააგენტო. სააგენტოს წარმომადგენლებმა კვების რაციონის ნიმუშებიდან სინჯები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიულ შემოწმებას ჩაუტარებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე, გეგუთის საბავშვო ბაღში ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები