დავით დონდუა: საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია, რაც მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გიოტმიოლერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანების მიზანი ასევე ასახულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის რედაქციაში.
“დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ საქართველო- ნატო-ს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება”, -განაცხადა დონდუამ.
დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და ბრიუსელის სამიტის შედეგებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ 2018 წლის ივლისში გამართულ ბრიუსელის სამიტზე ნატო საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, საქართველოს საკითხზე, გაიმართა შეხვედრა მოკავშირეებთან სახელწიფოს მეთაურების დონეზე და საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი შედეგები „შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის” განმტკიცების კუთხით. ასევე, ბრიუსელის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე კონტრმობილურობის, უსაფრთხო კომუნიკაციის და კიბერთავდაცვის მიმართულებებით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი:
„აღინიშნა,რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და რომ საქართველო ამას აქტიურად იყენებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეული წარმატება და ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა დავით დონდუამ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის და მადლიერება გამოხატა ალიანსისა და მოკავშირეებისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებაში. ასევე, როუზ გიოტმიოლერი ლექციას წაიკითხავს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები