ირაკლი კობახიძე: საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

„ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია გაიმართება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი – „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე” წარადგინა.
მისი თქმით, ერთობლივი ინიციატივის მიზანი სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.
„ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია სამ ქვეყანას შორის სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც არის დაკავშირებული დასავლურ ინტეგრაციასთან, და ჩვენ გვაქვს ასევე საერთო გამოწვევები, რომლებიც არის დაკავშირებული ტერიტორიების ოკუპაციასთან და რუსეთთან კონფლიქტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. აქ არის შემოთავაზებული პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის შეძენა, ანუ იქნება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა სამი ქვეყნის პარლამენტების მონაწილეობით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი დელეგაცია, 10 წევრის შემადგენლობით.
„განსაზღვრულია პარლამენტის დადგენილების პროექტით ამ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც 10 წევრისგან შედგება. დელეგაციის ხელმძღვანელია ირაკლი კობახიძე, შემოთავაზებულია სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, კახაბერ კუჭავა, დავით მათიკაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან”, სერგი კაპანაძე ევროპული საქართველო , სალომე სამადაშვილი, -„ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი ლომია – „საქართველოს პატრიოტები”.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უახლოეს მომავალში, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, იგი თბილისში გაიმართება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები