ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
მხარეებმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. უმაღლესი კომისრის შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველოში ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მაქსიმალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კონტექსტში განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა და შესაბამისად, ხელისუფლება სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს, რაც ხარისხობრივად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სივრცეს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებისთვის.
საუბარი შეეხო ასევე ლამბერტო ზანიერის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას.
„განვიხილეთ არაერთი თემა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პირველი შესაძლებლობაა, როდესაც უმაღლესი კომისარი შედის აფხაზეთში და უშუალოდ გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას, რასაც მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, თავად შეაფასოს იქ არსებული ვითარება.
ჩვენ მას მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზური ენის დაცვის საკითხზე, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი თემაა, ვინაიდან, ოკუპაციის პირობებში, საფრთხე ემუქრება აფხაზურ ენასაც. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის განსაკუთრებული აქცენტი. მას გავაცანით სამშვიდობო ინიციატივა, სადაც საუბარია განათლების ხელმისაწვდომობაზე, ეკონომიკური ინიციატივების გაზიარებაზე, საჯარო სერვისების მიწოდებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ამ სფეროში საინტერესო იქნება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები