ეკა ბესელია საქართველოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასამართლოს სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კვლევის – „მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში” პრეზენტაციას დაესწრო.
„მართლაც მნიშვნელოვანი და საჭირო კვლევაა. კვლევამაც აჩვენა და ჩვენც ამ რეფორმის ფარგლებში ვხედავთ საჭიროებას, რომ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ საკითხებს, რადგან ეს რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი თემაა და უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასაც. საჭიროა ახალი დამატებითი ადამიანური რესურსი კვალიფიკაციის და მაღალი სანდოობის გათვალისწინებით. ეს უნდა დავინახოთ რეფორმის ფარგლებში და გავაერთიანოთ ძალისხმევა ამისთვის”, – განაცხადა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, USAID საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ლორა ბერგერმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.
კვლევის თანახმად, სასამართლოში საქმეების გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოსამართლეთა რაოდენობა 310-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს. კვლევის პრეზენტაცია USAID/PROLoG ექსპერტმა იესპერ ვიტრუპმა წარმოადგინა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის – PROLoG, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის – EU4Justice და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები