იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი მთავრობის წევრებსა და საპარლამენტო ლიდერებს შეხვდა

0

„ეუთოს სივრცეში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ეუთოს ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება, რათა სახელმწიფოებს შორის ნდობა და თანამშრომლობის სურვილი განმტკიცდეს“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენცო მოავერო მილანესთან შეხვედრისას.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრისას მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ეუთოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის სფეროები, კოორდინირებული მოქმედებები, საერთაშორისო სამდივნოებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ ქმედითი მექანიზმების ამოქმედება.
„სახელმწიფოებს შორის დიალოგის წარმართვის კუთხით, ეუთო ინარჩუნებს პრივილეგირებული ინსტიტუტის მანდატს, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი მიდგომების ფორმატს მოიცავს. რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, იგი საპარლამენტო დიპლომატიის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფორუმია. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, უკრაინის კრიზისი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, კიბერ საფრთხეები, ჰიბრიდული ომები, კორუფცია და ტრეფიკინგი იტალიის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთო მიზნის მიღწევას“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების თემას შეეხო. იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიგი წერეთელმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამნაშავეთა პასუხისგების მიცემის საკითხში იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. შეხვედრებზე ქართველმა კანონმდებელმა ემიგრანტთა სტატუსის და სამუშაო კვოტების საკითხიც დააყენა.
რომში ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი იტალიის სენატის პრეზიდენტს, ელიზაბეტა ალბერტი კაზელატს, სენატის ვიცე-პრეზიდენტს, პაოლა ტავერნას, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, რობერტო ფიკოს და სახელმწიფო მინისტრს ნიკოლა მონტელის შეხვდა. იტალიის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამთავრობო და ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს შეხვდა და სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი