მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

0

„აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Hill-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წერილს, რომელშიც საუბარია საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მთავრობის მეთაური წერილში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ორ ერს ღრმა, მტკიცე და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა აკავშირებს.
“ძლიერი ამერიკული ლიდერობა მსოფლიოს უკეთეს და უსაფრთხო ადგილად აქცევს, როგორც საკუთარი მოქალაქეებისთვის, ისე – ყველა ჩვენგანისთვის. ვყოფილვარ კომპანიის გენერალური დირექტორიც და ფინანსთა მინისტრიც, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი ვარ და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უდიდესი კატალიზატორი. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამ სამ სვეტს ეფუძნება საქართველოს განვითარების მოდელი. ათასობით წლის განმავლობაში იდგა საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და უამრავი უცხო ქვეყნის შემოსევას გადაურჩა. ამ გამოცდილების გამო ჩვენ ვიქეცით გამძლე ერად, რომელიც აფასებს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მეგობრები ახლოს უნდა გვყავდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჭეშმარიტი მეგობრობის საქმეში. შეერთებულ შტატებში უკვე აღიარებულია მშვიდობის განმტკიცებაში ჩვენი წვლილი და სხვებისთვის სამაგალითოდ მოვიაზრებით. ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ეგზისტენციალური ეკონომიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოების სფეროში დახმარება ფასდაუდებელია და ამის გაზვიადება შეუძლებელია. ბოლო წლებში საქართველომ გააძლიერა ურთიერთობები აშშ-თან და ამერიკული იდეალებისა და თავისუფალი ბაზრის, პროდასავლური პოლიტიკის შესაბამისად ჩამოყალიბდა. მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ჩვენს ორ ერს ღრმა, მტკიცე და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა აქვს განვითარებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგესთან დიალოგი ბევრად სჯობს მასთან კონფლიქტს. საქართველო მზად არის, დაეხმაროს ამერიკას ჩვენი რეგიონის ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტის პოვნაში. საქართველო მდებარეობს ამერიკისთვის ბევრი სასიცოცხლო ინტერესის კვეთაზე. ჩვენ ვართ ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის ნებისმიერი წარმოსახვითი ღუზა და ევროპისა და აზიის ვაჭრობისა და ენერგომარშრუტების დამაკავშირებელი უცილობელი კარიბჭე. როგორც ამერიკის უახლოეს პარტნიორს ამ რეგიონში, საქართველოს, გეოგრაფიამ და ისტორიამ მნიშვნელოვანი ცოდნა შესძინა ფართო რეგიონულ და ახლო აღმოსავლეთის კულტურათა და ინტერესების სფეროში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში.
მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ საქართველო განაგრძობს პასუხისმგებელი პარტნიორობის მაგალითად ყოფნას, რითაც ზრდის მის მნიშვნელობას და ამის მაგალითია ისიც, რომ საქართველო, საკუთარი სურვილით, ამერიკულ და ნატოს ძალებთან ერთად მხარდამხარ დგას ერაყსა და ავღანეთში, მძიმე მსხვერპლის ფასად.
პრემიერის შეფასებით, საქართველო ასევე არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი, რადგან მოკავშირეთა ძალებს ამ ტერიტორიებზე ამარაგებს და არსებული მარშრუტების საიმედო ალტერნატივაა.
“ამერიკის მხარდაჭერით ნატოს სრული წევრობის ასპირანტის რანგში საქართველო ახლა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე; როდესაც აშშ-ი ან ნატო მხარდაჭერას მოითხოვს, ჩვენ უმალ აღმოვჩნდებით მათ გვერდით. ათი წლის წინ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი დაისაკუთრა. მოსახლეობის რიცხოვნობით, ეს იქნებოდა რუსების მიერ მიჩიგანის, ოჰაიოს, ინდიანას, ვისკონსინის, ილინოისის, აიოვას, მინესოტას და სამხრეთ დაკოტას – მთელი ამერიკის შუა დასავლეთი ზოლის, ასევე ფლორიდისა და ტეხასის ოკუპაციის ტოლფასი. მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში არც კონფლიქტი გვსურს და არც – დაპირისპირება. ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციის მშვიდობიან და პრაქტიკულ გადაწყვეტაზე. ვცდილობთ, დაძაბულობის დეესკალაცია მოვახდინოთ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ გამოხმაურებია ჩვენს მიმართვას დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის პოვნის თაობაზე”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციით გამოწვეული არსებული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი წინსვლა აქვს – წლიდან წლამდე აუმჯობესებს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობებს, გააჩნია ჯანსაღი და მზარდი ტურიზმის სექტორი.
“მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს განხორციელებული რეფორმების რაოდენობის მიხედვით და უმაღლესი ნიშნული აქვს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2018 წლის ზრდის პროგნოზს გადახედა მატების მიმართულებით და ახლა 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მოსალოდნელზე უფრო ძლიერი ეკონომიკური შედეგების დამსახურებით. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი და აყვავებული საქართველო რუსეთის ეროვნულ ინტერესებშია და საფრთხედ არ უნდა ვიყოთ აღქმული. უფრო მეტიც, მოსკოვმა საქართველოს არ უნდა უყუროს დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში. საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა ყოველთვის ასეთი მყარი იყო და ის ძლიერდება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. მჯერა, რომ ამერიკას უშუალო ინტერესი გააჩნია ქართულ-რუსული კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან გადაწყვეტაში. აშშ-ის წარმატებული ჩართულობა ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში სამაგალითო იქნება დანარჩენი მსოფლიოსთვის და დიპლომატიის ძალის დემონსტრირებად გვესახება. დღეს, საქართველო მომართულია, მეტ ეკონომიკურ სიმაღლეებზე გავიდეს – გახდეს გლობალური ვაჭრობის რეგიონული ცენტრი და აშშ-ის ბიზნესის დასაყრდენი ევრაზიის ტერიტორიაზე. საქართველო ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში კარგი მმართველობის, ეკონომიკური განვითარებისა და მეზობლებთან თანამშრომლობის გზით. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი და ერთიანი საქართველო იქნება მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ ჩვენი ორი ერის საერთო ინტერესების შემკვრელი ჩვენს რთულ სამეზობლოში და მთელს მსოფლიოში”, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის წერილში.
პუბლიკაცია დღეს პოლიტიკურ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა, რომელსაც აშშ-ში დიდი აუდიტორია ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი