კომუნიკაციების კომისია მოითხოვს “სამართლიანმა არჩევნებმა” არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ანგარიშიდან ამოიღოს

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია“ მიიჩნევს, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) ანგარიშში შეტანილი აქვს არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია. კომისია ითხოვს, რომ აღნიშნულის, კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშზე გაკეთებული შეფასებების, ანგარიშიდან ამოღება მოხდეს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის” საერთაშორისო საზოგადოებამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილებებზე აბსოლუტური ტყუილები წერია. ანგარიშში არასწორადაა მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები. კომუნიკაციების კომისია მოითხოვს სამართლიანმა არჩევნებმა აღნიშნული ინფორმაცია ამოიღოს ანგარიშიდან.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია შეტანილი, ეხება პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია არაკვალიფიციურ და არასწორ შეფასებას აკეთებს.
სიმართლეს არ შეესაბამება ორგანიზაციის განცხადება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2” დაჯარიმდა იმის გამო, რომ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.
კომისიის გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2″ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან არასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, ვინაიდან, კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, ასევე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება სოციალური რეკლამის სახით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელზეც ორგანიზაცია მიუთითებს, კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო და არა საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისას, ორგანიზაციის ანგარიში კი 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს ასახავს, როგორც ამას თავად მიუთითებენ. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება რატომ ჩასვა ორგანიზაციამ საკუთარ ანგარიშში 15 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება არასწორად და დამახინჯებულად? რა მიზანს ემსახურებოდა ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება? ეს კითხვა ღიაა და სამართლიანმა არჩევნებმა უნდა უპასუხოს.
ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ორგანიზაციის მოსაზრება, რომ მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამის და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან აქვთ და რომ იგივე ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებლებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას აღნიშნულ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ.
ყველამ იცის და განსაკუთრებით კარგად უნდა იყოს ეს ცნობილი იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც არჩევნების საკითხებზე მუშაობს, რომ მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს აღნიშნულის შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, აღნიშნული სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში იყოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე ეს ვალდებულები მაუწყებლებს წარმოეშვებათ პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისთანავე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული საარჩევნო პირობების შექმნას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპებს.
მეორე ტყუილი, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია შეტანილი საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება, სადაც ორგანიზაცია ასევე არაკვალიფიციურ შეფასებებს აკეთებს და კომისიისგან პირდაპირ მოითხოვს კანონის ინტერპრეტაციას, რაც დაუშვებელია.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. ამავე კანონით მაუწყებელს აქვს ძალიან მაღალი უფლებამოსილება მინიჭებული და მას კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შეუძლია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. როდესაც მაუწყებელს კანონით ასეთი მაღალი უფლებები აქვს მინიჭებული, დაუშვებელია მის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. მაუწყებელი ვალდებულია მის მიერ დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, რჩება რისკი, რომ მაუწყებელმა შესაძლოა მოახდინოს კვლევის შედეგებით მანიპულირება რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
ამას გარდა, გადაუმოწმებელი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში დღის წესრიგში დგება პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის რისკები, ასევე შესაძლოა მივიღოთ გარემოება, როდესაც მაუწყებელი რომელიმე არაკვალიფიციურ სუბიექტს მიანიჭებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, მისცემს მას უფასო სარეკლამო დროს და დაუთმობს საეთერო დროს დებატებში, ეს დრო დააკლდება იმ პარტიებს, რომელსაც გასული არჩევნების დროს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, შესაბამისად, მივიღებთ გარემოებას, სადაც კანონის მთავარი მოთხოვა, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული საარჩევნო პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი – არ იქნება დაცული.
აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია არასამთავრობოების განცხადებები, რომ კვლევის გადამოწმება პერსონალური მონაცემების დარღვევას და თვითცენზურას ემსახურება. კომისია სამი წელია ყველა დაინტერესებულ მხარეს ხვდება და უხსნის, რომ თუ კვლევის გადამოწმების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში ამას არა კომისია, არამედ კვალიფიციური და გამოცდილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გააკეთებს, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული და ეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა იცის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშიდან არასწორი ინფორმაცია დაუყონებლივ ამოიღოს, სხვა შემთხვევაში თუ ის შეგნებულად ჩაწერს თავის ანგარიშში არასწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე დაყრდნობით არასწორ შეფასებებს გააკეთებს, ეს იქნება მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა და სამომავლოდ მათ მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახვის მცდელობა, რაც სრულიად დაუშვებელია”,-განაცხადა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები