მამუკა ბახტაძე: სრულფასოვანი ცოდნა გულისხმობს ინფორმაციის შემოქმედებითი დამუშავებისა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარს

„სრულფასოვანი ცოდნა გულისხმობს ინფორმაციის შემოქმედებითი დამუშავებისა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწორედ ამ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული განათლების რეფორმა.
„ჩვენი ახალგაზრდობა უნდა აღიჭურვოს ცოდნით, ფართო თვალსაწიერით და რაც მთავარია, საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნის უნარებით. ჩვენი ერის მამები – გელათისა და იყალთოს აკადემიის შემქმნელები, ასევე ჩვენი დიდი განმანათლებლები – ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა ორბელიანი, მათი სახელოვანი მემკვიდრეები – ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები, და ასევე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები, სწორედ განათლებაში ხედავდნენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და წინსვლის მთავარ მამოძრავებელ ძალას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა იმ ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელშიც ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვის.
„ჩვენ დღეს მივისწრაფვით, დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს არაა თვითმიზანი, ან ვიღაცის დაკრულზე ცეკვა. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი საზოგადოების შინაგანი გაძლიერების გზა, რომელიც ჩვენ საუკუნეების წინ ავირჩიეთ. მინდა, ჩემი მიმართვა დავასრულო კვლავაც ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, საქართველოში ევროპული განათლებისა და, საერთოდ, ევროპულობის დამკვიდრების დიდი ქომაგის სიტყვებით: “სხვა არაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები