თამარ ჩუგოშვილი და სოფიო ქაცარავა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს შეხვდნენ.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ჟენევის ფორმატზე, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს აქტიურ ჩართულობაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
„ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია. მან მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო საქართველოში ოკუპაციის შედეგების სიმძიმეს, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ამ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ჟენევის ფორმატის თაობაზე და ვთხოვეთ გენერალურ მდივანს, რომ ეუთო უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემების მოგვარებაში. ეუთო-ს, თავისი მანდატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი ეკისრება უსაფრთხოების პრობლემების დაძლევაში, შესაბამისად, იმედი გვაქვს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი სათანადო გავლენას მოახდენს საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერაზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები