გერმანიაში არასრულწლოვანი ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს
ფრანკფურტთან ახლოს, გერმანიის პოლიციამ 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც რეინ-მაინის რეგიონში ასაფეთქებელი მოწყობილობით ტერაქტს გეგმავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Hessischer Rundfunk, ფრანკფურტის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური დანაყოფების მიერ პირველ სექტემბერს დაკავებული არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ისლამისტია. პროკურატურის მონაცემებით “17 წლის მოზარდი რეინ-მაინის რეგიონში ისლამისტური მოტივით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, ტერაქტს გეგმავდა”.
პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება გერმანიის მოქალაქეს, რომელიც 2 სექტემბერს ფრიდბერგში სასამართლოზე წარდგა და მოსამართლემ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა, არასრულწლოვანი იზოლატორში მოათავსეს.
ეჭვმიტანილმა პროცესის მსვლელობისას აღიარა რომ ტერაქტს გეგმავდა.